„უზბეკეთის მიერ გლობალური სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს, საკუთარ ნავსადგურებში შესაბამის სატერმინალო სიმძლავრეების შექმნის და გაფართოებისკენ უბიძგებს“ – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი
„უზბეკეთი – სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე 2027 წლისათვის საკუთარი ქიმიური მრეწველობის განვითარებაში – 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვარაუდობს. სახელმწიფო პროგრამის ეტაპობრივად განხორციელების შედეგად, წლიურად 6 დან 8 მლნ ტონმდე ქიმიური ტვირთების წარმოებაა ნავარაუდევი, რომლის 80 % საექსპორტო ბაზრებზე იქნება მიწოდებული“ – ამის შესახებ ანალიტიკას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
„სადღეისოდ უზბეკეთი 5 მლნ ტონა ქიმიური მრეწველობის პროდუქციას აწარმოებს.
უზბეკეთის მიერ გლობალური სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს საკუთარ ნავსადგურებში, სატერმინალო სიმძლავრეების შექმნის და გაფართოებისკენ უბიძგებს.
დერეფნის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა მნიშვნელოვნაა დამოკიდებული ცენტრალური აზიიდან, როგორ ტვირთნაკადების წარმომქმნელი რეგიონიდან, ტვირთების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებაზე.
ჩვენი გვერდის ანალიტიკა უზბეკეთის ქიმიური მრეწველობის ინდუსტრიის განვითარებას და დერეფნით ქიმიური ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს გვინდა დაუთმოთ.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებით „ქიმიური მრეწველობის სტრატეგიული განვითარების მიზნობრივი პროგრამა“ დამტკიცდა, რომლის საფუძველზე ქიმიური საწარმოებისათვის ტექნოლოგიური კლასტერების ლოკაციები განისაზღვრა.
პროგრამის მიხედვით 2027 წლისთვის, ქიმიური მრეწველობის განვითარებისთვის 44 საინვესტიციო ობიექტის ამოქმედებაა ნავარაუდევი, რისთვისაც 10 მილიარდი დოლარის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციები იქნება მოზიდული.
საინვესტიციო პროგრამის საფუძველზე 2023 – 2024 წლებში, 17 ობიექტის ფარგლებში 400 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული, საიდანაც 88 % ს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შეადგენდა.
2023 წელს უზბეკეთიდან 500 მლნ დოლარის ღირებულების ქიმიური პროდუქცია იქნა ექსპორტზე გატანილი, საიდანაც 390 მლნ დოლარის მხოლოდ მინერალური სასუქები შეადგენდა.
გარკვეულ წილად წარმოსახვითი, რომ იყოს უზბეკეთის ქიმიური მრეწველობის საწარმოები და მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობები, გთავაზობთ უზბეკეთის წამყვან ქიმიური მრეწველობის კომპანიებს:
სს ნავოიაზოტი – უზბეკეთის ყველაზე მსხვილი ქიმიური საწარმოა. წლიურად აწარმოებს 950 ათას ტონა – ამონიუმის ნიტრატს, 600 ათას ტონა – კარბამიტს, 100 ათას ტონა – პოლივინილქლორიდს PVC, 300 ათას ტონა – მეთანოლს, 75 ათას ტონა – კაუსტიკურ სოდას. ჯამურად კომპანია 2 მლნ ტონა ქიმიურ პროდუქციას აწარმოებს.
სს „ფარგონაზოტი“ – წლიურად აწარმოებს 530 ათას ტონა –ამონიუმის ნიტრატს, 400 ათას ტონა – კარბამიტს. წლიურად, სხვა ქიმიური პროდუქტების გათვალისწინებით კომპანიის წარმადობა 1 მლნ ტონას შეადგენს.
სს „მაქსამ – ჩირჩიკი“ – უზბეკურ – ესპანური კომპანიაა, რომელიც წლიურად აწარმოებს 450 ათას ტონა – ამონიუმის ნიტრატს, 270 ათას ტონა – კარბამიდს, 300 ათას ტონა ამონიუმის სულფატს, 60 ათას ტონა – ამონიუმის ნიტრატს (LDAN). ჯამურად საწარმოს წლიური წარმოებული მოცულობა 1.1 მლნ ტონას შეადგენს.
სს „ამოფოს – მაქსამი“ – აწარმოებს ფოსფოროვან სასუქებს წლიურად 220 ათას ტონას.
სს „დეხკანაბადის კალიუმის ქარხანა“ – კალიუმის ქლორიდის წარმოებისთვის საწარმოო სიმძლავრე – 600 ათასი ტონაა.
სს „კუნგრადის სოდის ქარხანა“ – წლიურად 200 ათას ტონა კალცინირებულ სოდას აწარმოებს.
ჯამურად უზბეკეთის მსხვილი ქიმიური საწარმოები წლიურად – 5 მლნ ტონაზე მეტ ქიმიურ პროდუქციას უშვებს, რომლის 80 % ექსპორტზეა ორიენტირებული.
უზბეკეთის მიერ, საქართველოზე გამავალი დერეფნით, ნაყარ მდგომარეობაში ქიმიური ტვირთების გადაზიდვების საუკეთესო მაგალითია, ბათუმის ნავსადგურში მოქმედი ქიმიური ტვირთების ტერმინალი, რომლის წარმადობა 1.5 მლნ ტონას შეადგენს და რომელიც, ბოლო წლებში სიმძლავრის ათვისების მზარდ ტენდენციებს აჩვენებს.
მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ტენდენცია, სარკინიგზო ბლოკმატარებლით საქართველოს გავლით ბრაზილიაში კარბამიტის პირველი საპილოტე პარტიის გააგზავნისას დაფიქსირდა.
2024 წლის დეკემბერში ტაშკენტიდან კარბამიდით დატვირთული 54 ერთეული FEU (ორმოც ფუთიანი) კონტეინერებით შემდგარი პირველი საკონტეინერო ბლოკ მატარებელი, ტაშკენტის მშრალი ნავსადგურის (First dry port terminal) ტერმინალიდან – უზბეკეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით ფოთის ნავსადგურში გადაიტვირთა, საიდანაც ბრაზილიის პარანაგუისკენ გაიგზავნა.
უზბეკეთიდან ბრაზილიამდე კარბამიდის ბლოკმატარებლით ტრანსპორტირების სრული ციკლი 60 – 70 დღეა, მ.შ ტაშკენტიდან – ფოთამდე 20 დღე, ფოთიდან – პარანაგუამდე 35 – 45 დღე.
ერთი შეხედვით უზბეკეთიდან ქიმიური ტვირთის, კარბამიტის შუა დერეფნით გატარებაში, ერთი შეხედვით უჩვეულო არ უნდა იყოს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ სახეზე გვაქვს საქართველოზე გამავალი დერეფნით უზბეკეთის ქიმიური საწარმოდან, მისივე სატერმინალო ქსელით, დერეფნის გამოყენებით ახალი ტვირთნაკადის ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის ფორმირება.
უზბეკური კარბამიდის გადაზიდვის განყენებული მაგალითის ილუსტრირების მიზანია, ადგილობრივმა ქართულმა ბიზნესმა მკაფიოდ დაინახოს რეგიონში, უფრო ზუსტად ცენტრალურ აზიის ქვეყნებში საწარმოო შესაძლებლობის მზარდი ტენდენციები და ამ ტენდენციების გამოაშკარავების საფუძველზე საქართველოს ნავსადგურებში, ბიზნესმა ადექვატური სატერმინალო ქსელის მოწყობა – გაფართოება განახორციელოს.
უფრო თვალნათლივ რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება, პირველ რიგში, ცენტრალური აზიის საწარმოო პოტენციალის შესაბამისობაში – სინქრონულად უნდა განვითარდეს.
როდესაც გადაზიდვების ერთიან ციკლზეა საუბარია, მნიშვნელოვანია, რამდენად აწყობილია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ჯაჭვი – ამ შემთხვევაში კარბამიტის გამოგზავნი ქვეყნიდან.
ქიმიური ტვირთების, მათ შორის კარბამიტის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად, საკვანძო ადგილი Uzkimyoimpex ს უკავია, რომელიც ერთადერთი აგენტია და პასუხისმგებელია უზბეკეთის ქიმიურ ინდუსტრიაში ექსპორტ – იმპორტის ოპერაციებზე.
შუამავალი სახელმწიფო კომპანიის გარდა, ლოგისტიკურ ჯაჭვში, მნიშვნელოვანია ტაშკენტის მშრალი ნავსადგურის (First dry port terminal) ტერმინალის ფუნქცია, რომელიც ჩატვირთვისა და გაგზავნის ლოგისტიკურ ოპერაციებს ახორციელებს.
ტაშკენტის მშრალი ნავსადგურის ფართობი 22 ჰექტარია, აღჭურვილია 9 სარკინიგზო ხაზით, საერთო სიგრძით 5 300 მ.
საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორია დაყოფილია 4 საკონტეინერო და ერთ სატვირთო ზონად, მათი საერთო ტევადობა 2 700 TEU ია. თითოეული მოედანი აღჭურვილია ყველა საჭირო საწყობით და დამხმარე ინვენტარით.
დასკვნის სახით – უზბეკეთის მიერ გლობალური სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს, საკუთარ ნავსადგურებში შესაბამის სატერმინალო სიმძლავრეების შექმნის და გაფართოებისკენ უბიძგებს.
საქართველოს დერეფნის გამოყენებით, უზბეკური კარბამიდის საკონტეინერო გადაზიდვა, ნათლად მიუთითებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში ცალკეული ტვირთნაკადებისათვის ლოგისტიკური ჯაჭვის შემუშავების აუცილებლობაზე“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.
